ალექსანდრე ერქვანია: „სამარცხვინოა, როცა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩებისა და დიპლომატების სადილებსა და ვახშამზე წყდება, დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს, ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობისთვის, ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულ შეთანხმებას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“ – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, პირველი მოსმენით დაამტკიცა.
კენჭისყრაზე 136-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატი წავიდა.
ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით – 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც – პარტია, რომელიც არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შესძლებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 8 მარტის შეთანხმებას პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უწოდა.
„წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილება არ არის ის, რასაც დაპირდით ხალხს ერთი წლის წინ. ეს არის ოპოზიციასთან მოსახლეობის ზურგს უკან, ფარული პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ არის, რომ მოსახლეობამ დღემდე ვერ გაიგო, რაზე შეთანხმდნენ და რა პასუხისმგებლობა აიღეთ. სამწუხაროდ, ხელისუფლების სიტყვამ ფასი დაკარგა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლების გაუგებარი ნაბიჯები ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ავტორიტეტს და, რაც მთავარია, ქვეყნის ღირსებას. ამის შედეგია, ოკუპანტები ბოდიშის მოხდას რომ გვთხოვენ, ხოლო ზოგიერთები თავს უფლებას აძლევენ, თითის ქნევით გველაპარაკონ და გვიკარნახონ, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი საშინაო საკითხები. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკოსებისთვის ევროპარლამენტის წევრებისა და კონგრესმენების სიტყვა უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის. სამარცხვინოა, როცა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩებისა და დიპლომატების სადილებსა და ვახშამზე წყდება. დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს, ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულ შეთანხმებას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“,
You must be logged in to post a comment.