„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-ში ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო როგორც პოლიციელების, ასევე დემონსტრანტების მხრიდან

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამერიკაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და რეპორტიორების დასაცავად ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წლების განმავლობაში მედიის დემონიზაციის წახალისებამ, საპროტესტო აქციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალადობაში იფეთქა.

მათივე ინფორმაციით, მინიმუმ 68 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როცა პოლიცია და დემონსტრანტები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს, მათ რეზინის ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, სცემეს, დაემუქრნენ, ავტომობილები დაუზიანეს მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ თავსი საქმეს ასრულებდნენ.

„პრეზიდენტი ტრამპი წლების განმავლობაში ახდენდა მედიის დემონიზებას და ახლა ამან ხორცი შეისხა – როგორც პოლიცია, ისე აქციის მონაწილეები ჟურნალისტების წინააღმდეგ არიან მიმართული, რაც ძალადობასა და დაპატიმრებებში გამოიხატება. დიდი ხანია აშკარა იყო, რომ დემონიზაცია ფიზიკურ ძალადობაში გადაიზრდებოდა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აფრთხილებდა მედიის მიმართ ამ აშკარა მტრობის შედეგების შესახებ და ახლა ჩვენ მოწმენი ვართ უპრეცედენტო ძალადობისა აშშ-ში ჟურნალისტების წინააღმდეგ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ამერიკის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს უზრუნველყონ ჟურნალისტების სრული დაცვა და პატივი სცენ ქვეყნის ძირითად პრინციპებს პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ქრისტოფ დელუარი.

ALT – INFO